ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილები“
ილიას „მგზავრის წერილების“ ახალგაზრდა ლირიკული გმირი თავისი ცხოვრების მეტად მნიშვნელოვან მიჯნასთან დგას და იმ პრინციპებსა და მრწამსს აყალიბებს, რომელებმაც მისი შემდგომი არსებობა უნდა წარმართონ. იგი ფაქტობრივად საკუთარ ბედს წყვეტს, გადამწყვეტი პიროვნული არჩევანის აქტს ახორციელებს. თერგისა და მყინვარის, დღისა და ღამის სახეთა აბსტრაქტული, რიტორიკული შეპირისპირებაც ამ პიროვნული არჩევანის აქტის, ილიას წინაშე წამოჭრილი ზნეობრივ-მსოფლმხედველობრივი დილემის გამომხატველია.
„მგზავრის წერილებში“ ილია სატირიკოსად გვევლინება და სასტიკად დასცინის იმას, რასაც ერთმნიშვნელოვნად ემიჯნება - დაწინაურებულ ევროპასთან შედარებით აშკარად ჩამორჩენილ რუსულ სახელმწიფოს. ამ სახელმწიფის ტიპური ჩინოვნიკის ილიას მიერ შექმნილი კარიკატურული სახე მრავლისმთქმელია. მის კომიკურ ნაკვთებს შორის ყველაზე სასაცილო შოვინისტისა და იმპერიალისტის მისიონერული, განმანათლებლურ- ცივილიზატორული ამბიციაა, ცრუ ინტელექტუალიზმი და პროგრესისტობაა, უბირი კაცის მჩატე თაყვანისცემაა მეცნიერებისა და განათლების მიმართ, მეცნიერ-გამომგონებლობის აბსურდული პრეტენზიაა.
ილიას თვალთახედვით, რუსეთის მიერ ზერელედ დანერგილი ევროპეიზმის ნაცვლად საქართველო ჭეშმარიტ განმანათლებლობასა და პროგრესს, ევროპეიზმს უნდა ეზიაროს.
ილიას განმანათლებლური მრწამსის თანახმად, ყოველგვარი სოციალური და ეროვნული სატკივარის პირველმიზეზი გონების ძილია, უმეცრება და გაუნათლებლობაა, რის სიმბოლოსაც „მგზავრის წერილებში“ ღამე წარმოადგენს ( გავიხსენოთ „ელეგია), ღამე, ისევე როგორც რუსთა მიერ ნაქები „მამულის კვამლი“, გონების დამბინდველი ილუზიების განმასახიერებელიც არის, რომლებიც ხელს უშლის ქვეყნის მძიმე რეალობის ნათლად დანახვას, „მართლჭვრეტას“ და გვარიგებს ამ რეალობასთან. გონების სიბნელე ხელსაყრელია ტირანებისთვის, თავისუფლების დამთრგუნველებისთვის, რადგან უბირი ადამიანების მართვა უფრო იოლია. ამიტომ საქართველოს ხსნა გონების სინათლეშია, ნათელ, რეალისტურ აზროვნებაში და განათლებაშია, რომელსაც სიმბოლურად დღე განასახირებს.
დღე განასახიერებს ინტენსიურ საზოგადოებრივ ცხოვრებასაც, განსხვავებით ღამისგან, რომელიც ილიას მიერ უარყოფილ, რომანტიზმის ერთ-ერთი ნაკადისთვის დამახასიათებელ მარტოობის კულტს, სამყაროსადმი პასიურ დამოკიდებულებას, სამყაროს ირაციონალურ, იდუმალ ძალთა პოეტიზაციას უკავშირდება. დინამიური და ენერგიული, ბრძოლით აღსავსე საზოგადოებრივი ცხოვრება, რომლის სიმბოლო, დღის გარდა, თერგიც არის, არა მარტო მიმზიდველია, არამედ მტანჯველიცაა თავისი მშფოთვარებით - ამას ილია მკაფიოდ აცნობიერებს. ის არჩევანს აკეთებს იმის სასარგებლოდ, რაც ქვეყნის განვითარებისა და გათავისუფლებისთვის არის აუცილებელი.
როგორც „დაკარგულ ედემში“, ასევე „მგზავრის წერილებში“ საქართველოს ბუნების სული მოითხოვს ქვეყნის გათავისუფლებას. ამ თავისუფლებისმოყვარე სულის ხორცშესხმაა დაუმოჩილებელი, მებრძოლი თერგი. ასევე მისი ხორცშესხმაა არაგვი ნ. ბარათაშვილის პოემაში „ბედი ქართლისა.“
„მგზავრის წერილები“ შეიძლება აღვიქვათ, როგორც ილია პასუხი ბარათაშვილის პოემაში გამოკვეთილ კითხვებსა და თვალსაზრისებზე. ილიას მიერ დახატული რუსი ოფიცრის სახე თითქოს რუსთა მმართველობის აუტანლობაზე სოლომონ ლეონიძის მსჯელობის ილუსტრაციაა. მშვიდობის თემა, რომელიც ერთ-ერთი საკვანძოა ლეონიძისა და ერეკლეს კამათში „მგზავრის წერილებშიც საგანგებოდ აქცენტირებულია: ერეკლე რუსების მიერ საქართველოში მშვიდობის დამყარებას იმედით მოელის, ხოლო ლელთ ღუნია თავისი ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე თითქოს ერეკლეს ეკამათება და თვლის, რომ სხვათა მიერ დამყარებულ მშვიდობაზე უმჯობესი საკუტარი ცხოვრების წესის მიყოლა და სარისკო, მაგრამ ღირსებაზე დამყარებული თვითარსებობაა.
/ თამაზ ვასაძე წიგნიდან „ლიტერატურული საუბრები“/

No comments:
Post a Comment