14 აპრილი-ქართული ენის დღეა-ბლოგი

Saturday, January 6, 2024

 პოეზია

სალომე ბენიძე

ჭიქებისა და თეფშების ამბავი


არსებობდა ასეთი რიტუალიც:
ორშაბათობით ექვსზე ვიღვიძებდი
და ვუყურებდი, როგორ ეშვებოდნენ მიწაზე
ჩრდილოეთის ანგელოზები
და წვიმის ძაფებით ქსოვდნენ დილას.
ასეთი იყო ჩვენი ქალაქი მაშინ,
ჩვენთან არ დგებოდა თეთრი ღამეები,
ჩვენთან დღეებიც კი არ იყო თეთრი.
მაინც არასოდეს დაგვვიწყებია რიტუალი:
მე ვიღვიძებდი ექვსზე,
ჩრდილოეთის ანგელოზებს ჩემს ოქროსფერ თმას ვჩუქნიდი
დილის მოსაქსოვად
და ხმამაღლა ვამბობდი:
_ ტომ!
ისიც არასოდეს მტოვებდა უპასუხოდ.
მერე მე ვიჯექი ფანჯრის რაფაზე,
მეცვა ორი ზომით დიდი მაისური
და დაუდევრად ვაქანავებდი გამხდარ ფეხებს
(ვიცი, ეს სცენა ბევრ ფილმში გინახავს,
მაგრამ რა ვუყოთ _ მე ხომ არასოდეს მომიტყუებიხარ,
მე ხომ არასოდეს მითქვამს შენთვის,
რომ ჩემთან განსაკუთრებით ლამაზად თენდება,
ან რამე ამგვარი),
ის იჯდა სამზარეულოს მაგიდასთან
და ჩემი ნაჩუქარი ფინჯნიდან სვამდა
დღის პირველ ყავას.
ჰო, გვქონდა ასეთი რიტუალი ორშაბათობით.
ეს არ იყო სიყვარული,
ეს, უფრო, დილით მარტო არგაღვიძების ფუფუნებას ჰგავდა,
ეს, უფრო, თოვლში არწაქცევის ხერხს ჰგავდა,
ეს, უფრო, კარამელიან ნამცხვარს ჰგავდა,
სიყვარული კი პურია ჩვენი არსობისა,
სიყვარული შენ ხარ,
თურმე.
 
ერთხელ მან თქვა:
ჩემს სამშობლოში წესია ასეთი _
როცა მოდის დღესასწაული,
ერთ ზედმეტ თეფშს ვდგამთ მაგიდაზე,
მისთვის, ვინც გვახსოვს,
მისთვის, ვინც გვიყვარს,
მისთვის, ვინც გვენატრება,
მისთვის, ვინც მუდამ ჩვენი გულისკენ მომავალ გზაშია,
მისთვის, ვისი დაბრუნებაც არასოდეს იქნება გვიან.
მშვიდად იარე ყველა გზაზე,
იქნება იგი თოვლიანი თუ უწყლო,
ხალხმრავალი თუ უკაცური,
გახსოვდეს,
ის სწორედ შენ ხარ,
ვისთვისაც ჩემს სახლში თეფში დაიდგმება.
მე გამეღიმა, თვალები დავხუჭე და შემოვტრიალდი,
რადგან არ მინდოდა,
დამენახა გზა,
რომელიც მერე ჩაკეტილი წრე აღმოჩნდა.
უბრალოდ, ხანდახან,
როცა შენს ცხოვრებაში
ფეხზე დასადგომი ადგილიც აღარ მრჩება,
და ვინ იცის, მერამდენედ,
ვიწყებ თოკის ძებნას,
რომ ჯერ ზემოდან გადმოვხედო შენს სამყაროს,
შენს თვითკმაყოფილ ქაოსს
და მერე გაგეცალო,
ვხვდები, რომ უეცრად
მისი თეფში მეშველება,
მისი ერთი თეფში სიყვარული ჩემდამი,
რომელზეც ვდგავარ,
რომლითაც ვიკვებები,
მერე ამვლელსაც ვაჭმევ და ჩამომვლელსაც
და ვფიქრობ,
რომ ზოგჯერ, როცა პური არ გყოფნის,
კარამელიან ნამცხვარსაც შეუძლია,
შეგინარჩუნოს სიცოცხლე.
 
ხანდახან, ორშაბათობით,
როცა უჩვეულო სიცივე მაღვიძებს
და საწოლიდან იატაკზე დაუდევრად ვყრი ფეხებს,
უძველესი ჩვევა მახსენებს თავს და ჩუმად ვამბობ:
_ ტომ!
მაგრამ ამჯერად პასუხი არ არის.
 
ახლა ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ მარკ ტვენზე
და ლინდგრენზე,
და ასე, კლავიატურაზე კაკუნით ვფშვნით ღამეებს.
ახლა ღამეები მოკლეა
და დღეები _ თეთრი,
ახლა ჩემი ერთადერთი ოცნება
შენი ნაჩუქარი ფინჯანია,
შენი ნაჩუქარი ფინჯანი,
რომელშიც მსოფლიოს ყველა წყალს ჩავატევ
ჯერ _ სიცოცხლისათვის,
ბოლოს კი, თუ სხვაგან ადგილს აღარ დამიტოვებ,
თავის დასახრჩობად.

Wednesday, May 3, 2023

 Wordwall.net

ქვიზების შექმნა

https://wordwall.net/resource/56030646

Thursday, December 15, 2022

ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილები“

  ილიას „მგზავრის წერილების“ ახალგაზრდა ლირიკული გმირი თავისი ცხოვრების მეტად მნიშვნელოვან მიჯნასთან დგას და იმ პრინციპებსა და მრწამსს აყალიბებს, რომელებმაც მისი შემდგომი არსებობა უნდა წარმართონ. იგი ფაქტობრივად  საკუთარ ბედს წყვეტს, გადამწყვეტი პიროვნული არჩევანის  აქტს ახორციელებს. თერგისა და მყინვარის, დღისა და ღამის სახეთა აბსტრაქტული, რიტორიკული შეპირისპირებაც ამ პიროვნული არჩევანის აქტის, ილიას წინაშე წამოჭრილი ზნეობრივ-მსოფლმხედველობრივი დილემის გამომხატველია.

  „მგზავრის წერილებში“ ილია სატირიკოსად გვევლინება და სასტიკად დასცინის იმას, რასაც ერთმნიშვნელოვნად ემიჯნება - დაწინაურებულ ევროპასთან შედარებით აშკარად ჩამორჩენილ რუსულ სახელმწიფოს.  ამ სახელმწიფის  ტიპური ჩინოვნიკის ილიას მიერ შექმნილი კარიკატურული სახე მრავლისმთქმელია. მის კომიკურ ნაკვთებს შორის ყველაზე სასაცილო შოვინისტისა და იმპერიალისტის მისიონერული, განმანათლებლურ- ცივილიზატორული ამბიციაა, ცრუ ინტელექტუალიზმი და პროგრესისტობაა, უბირი კაცის მჩატე თაყვანისცემაა მეცნიერებისა და განათლების მიმართ, მეცნიერ-გამომგონებლობის აბსურდული პრეტენზიაა.

  ილიას თვალთახედვით, რუსეთის მიერ ზერელედ დანერგილი ევროპეიზმის ნაცვლად საქართველო ჭეშმარიტ განმანათლებლობასა და პროგრესს, ევროპეიზმს უნდა ეზიაროს.

  ილიას განმანათლებლური მრწამსის თანახმად, ყოველგვარი სოციალური და ეროვნული სატკივარის პირველმიზეზი გონების ძილია, უმეცრება და გაუნათლებლობაა, რის სიმბოლოსაც „მგზავრის წერილებში“ ღამე წარმოადგენს ( გავიხსენოთ „ელეგია), ღამე, ისევე როგორც რუსთა მიერ ნაქები „მამულის კვამლი“, გონების დამბინდველი ილუზიების განმასახიერებელიც არის, რომლებიც ხელს უშლის ქვეყნის მძიმე რეალობის ნათლად დანახვას, „მართლჭვრეტას“ და გვარიგებს ამ რეალობასთან. გონების სიბნელე ხელსაყრელია ტირანებისთვის, თავისუფლების დამთრგუნველებისთვის, რადგან უბირი ადამიანების მართვა უფრო იოლია. ამიტომ საქართველოს  ხსნა გონების სინათლეშია, ნათელ, რეალისტურ აზროვნებაში და განათლებაშია, რომელსაც სიმბოლურად დღე განასახირებს. 

  დღე განასახიერებს ინტენსიურ საზოგადოებრივ ცხოვრებასაც, განსხვავებით ღამისგან, რომელიც ილიას მიერ უარყოფილ, რომანტიზმის ერთ-ერთი ნაკადისთვის დამახასიათებელ მარტოობის კულტს, სამყაროსადმი პასიურ დამოკიდებულებას, სამყაროს ირაციონალურ, იდუმალ ძალთა პოეტიზაციას უკავშირდება. დინამიური და ენერგიული, ბრძოლით აღსავსე საზოგადოებრივი ცხოვრება, რომლის სიმბოლო, დღის გარდა, თერგიც არის, არა მარტო მიმზიდველია, არამედ მტანჯველიცაა თავისი მშფოთვარებით - ამას ილია მკაფიოდ აცნობიერებს. ის არჩევანს აკეთებს იმის სასარგებლოდ, რაც ქვეყნის განვითარებისა და გათავისუფლებისთვის არის აუცილებელი.

 როგორც „დაკარგულ ედემში“, ასევე „მგზავრის წერილებში“ საქართველოს ბუნების სული მოითხოვს ქვეყნის გათავისუფლებას. ამ თავისუფლებისმოყვარე სულის ხორცშესხმაა დაუმოჩილებელი, მებრძოლი თერგი. ასევე მისი ხორცშესხმაა არაგვი ნ. ბარათაშვილის პოემაში  „ბედი ქართლისა.“ 

  „მგზავრის წერილები“  შეიძლება აღვიქვათ, როგორც ილია პასუხი ბარათაშვილის პოემაში გამოკვეთილ კითხვებსა და თვალსაზრისებზე. ილიას მიერ დახატული რუსი ოფიცრის სახე თითქოს რუსთა მმართველობის აუტანლობაზე სოლომონ ლეონიძის მსჯელობის ილუსტრაციაა. მშვიდობის თემა, რომელიც ერთ-ერთი საკვანძოა ლეონიძისა და ერეკლეს კამათში „მგზავრის წერილებშიც საგანგებოდ აქცენტირებულია: ერეკლე რუსების მიერ საქართველოში მშვიდობის დამყარებას იმედით მოელის, ხოლო ლელთ ღუნია თავისი ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე თითქოს ერეკლეს ეკამათება და თვლის, რომ სხვათა მიერ დამყარებულ მშვიდობაზე უმჯობესი საკუტარი ცხოვრების წესის მიყოლა და სარისკო, მაგრამ ღირსებაზე დამყარებული თვითარსებობაა.

                                        / თამაზ ვასაძე წიგნიდან „ლიტერატურული საუბრები“/





Sunday, May 23, 2021

ლიტერატურული გვარები და ჟანრები - ppt scaricare

ლიტერატურული გვარები და ჟანრები - ppt scaricare: იოჰან ვოლფგანგ გოეთე ”პოეზიის ბუნებრივი ფორმები” ნათლად მთხრობელი - ეპოსი ენთუზიასტურად ამაღელვებელი - ლირიკა პიროვნულად მოქმედი - დრამა

გარე დაკვირვება